English (United Kingdom)Georgian (Georgia)
ტრენინგი საჯარო წესით შერჩეული პრობაციის ოფიცერთათვის და სოციალურ მუშაკთათვის დაიწყო
2010 წლის 27 ივლისს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო 9 დღიანი ტრენინგი საბაზისო პროგრამის მიხედვით საჯარო კონკურსის წესით შერჩეული 15 პრობაციის ოფიცრისა და 9 სოციალური მუშაკისათვის. ტრენინგი მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს ავსტრიული კომპანია ”Hulla & Co. Human Dynamics KG”. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას და ფსიქოლოგიურ მომზადებას. ღონისძიება გახსნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მაკასარაშვილმა. სწავლება მიმდინარეობს 54 საათიანი ძირითადი სასწავლო პროგრამის მიხედვით და მას უძღვებიან სასწავლო ცენტრის ტრენერები. შეფასება განხორციელდება სამკომპონენტიანი სისტემით, რომელიც ”ბოლონიის პროცესის” პრინციპებს ეფუძნება და მოიცავს: დასწრების, შუალედური გამოკითხვის და ტესტირების შეფასებას. სერტიფიკატი გადაეცემათ ტრენინგის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამივე კომპონენტში 100 ქულიდან ჯამურად დააგროვებენ 65 ქულას.
27 ივლისი 2010

 
პრეზიდენტის ვიზიტი სამინისტროში
სამინისტროში ვიზიტისას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს უწყებაში მიმდინარე რეფორმების, 2010 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ხათუნა კალმახელიძემ ხაზი გაუსვა ისეთ მნიშვნელოვან პუნქტებს, როგორიცაა მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესება, რაც გარდა ახალი დაწესებულებების ექსპლუატაციაში შესვლისა, პატიმართა რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის სხვადასხვა პროგრამებს ითვალისწინებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაინერგა მსჯავრდებულთა ოჯახებთან ურთიერთობისა და მათი დასაქმების პრაქტიკა. ხათუნა კალმახელიძის თქმით, მიმდინარე რეფორმების განხორციელების შედეგად პენიტენციალური სისტემა დასავლურ სტანდარტებს საბოლოოდ გაუტოლდება. პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის მუშაობა, პრობაციონერთა რეაბილიტაციის კუთხით გატარებული რეფორმები, უფასო იურიდიულ სამსახურსა და პენიტენციალური ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. მიხეილ სააკაშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი.
26 ივლისი 2010

 
საინფორმაციო ვიზიტით გერმანიაში
მიმდინარე წლის 26 ივლისიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ერთობლივი პროექტის ფარგლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე თანამშრომელთა ცხრაკაციანი ჯგუფი გერმანიაში იმყოფება. დელეგაციას ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე პაატა სულაბერიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნატო გუგავა, ასევე ვიზიტით იმყოფებიან სასწავლო ცენტრისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები. დელეგაციის წევრები საინფორმაციო ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ ბადენ– ვურტემბერგის ფედერალური მხარის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და გაეცნობიან ქ. შტუტგარტის სასჯელაღსრულების სასწავლებელში არსებული სწავლების პროცესსა და თავისებურებებს. ვიზიტი 30 ივლისს დასრულდება.
26 ივლისი 2010

 
ტრენინგი ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პატიმარებთან მოპყრობის საკითხებზე
დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა ტრენინგი აგრესიულ და ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პატიმრებთან ძალის გამოყენების საკითხებზე. ორდღიანი სწავლება ითვალისწინებს ტრენინგს ფიზიკურ შებოჭვაში, რაც აგრესიული ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი/აღგზნებული პატიმრის შემთხვევაში გამოიყენება. ტრენინგს ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიისა” და სასწავლო ცენტრის მიერ ერთობლივ პროექტში გადამზადებული ტრენერები უძღვებიან და მასში სასჯელაღსრულების სისტემის 23 თანამშრომელი მონაწილეობს. ტრენინეგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
22 ივლისი 2010